ბეგლარ ახოსპირელის თბილისი

მიცნობდეთ – ბეგლარ ახოსპირელი, ცნობილი მაგნატი. აქეთკენ ჩემი სახელი ბევრს არ გაუგია, რადგან ძირითადად უცხოეთში ვსაქმიანობ. მართალია, თბილისში ხშირად ჩამოვდივარ, მაგრამ არა ბიზნესთან დაკავშირებულ საქმეებზე. ალბათ, ყველანი მიხვდით, რომ ბევრი ფულის პატრონი ვარ. ჩემნაირ ხალხს კი ყოველთვის რაღაც ჰობი აქვს. რაიმე გატაცება ჩვენ ძალიან გვჭირდება, რათა ამ საქმეს ფული დავახარჯოთ და საკუთარ ასდოლარიან კუპიურებშივე არ ჩავიხრჩოთ. მეც ჩემი მძიმე ჯიბის შესამსუბუქებლად კარგი გამოსავალი გამოვნახე:

ძველი თბილისი ძალიან მიყვარს. თუმცა, მე მას ძველს არ ვუწოდებ. ან კი, რატომაა ძველი? ძველი კი არა, უბრალოდ, უფრო ადრე აშენებულია. ეს ფასადურ ნაგავს მიღმა დარჩენილი ქალაქია, და თანაც, ძალიან ლამაზი. ვინმეს გიცდიათ, ჭავჭავაძეზე, მელიქიშვილსა თუ რუსთაველზე გავლას, მათი პარალელური ქუჩებით გესარგებლათ? აი, რა არის თბილისი: ბანკებისა და კაფეების, ათასი ბრჭყვიალა წარწერისა და უთვალავ შუშაში ჩასმული შენობების გარეშე. მე სწორედ ასე დავდივარ, ვიწრო ქუჩებით, ბორშისა თუ მოხარშული ხახვის სუნის მქონე იტალიური ეზოებით, გაუთავებელი აღმართებითა და დაღმართებით. დამღლელი კია, მაგრამ სამაგიეროდ ჩემ ქვემოთ ალაგ-ალაგ შემორჩენილი ქვაფენილია, ზემოთ მრგვალი, სვეტებიანი, აივნები(ზოგი ხის, შეკიდულები, გამოწნულები), გვერდით  ძველი, გრძელსახელურიანი, ჩუქურთმიანი კარებები, ზედ ჩამოკიდებული ფოსტის ყუთითა(წარწერით, “Для писем и газет”) და თავზე ძველებური ლამპებით. აი ეს არის სილამაზე და მე ამ სილამაზეში ვხარჯავ მილიონებს, ვყიდულობ ყველა შენობას, ყველა აივანს, ყველა კარს, ყველა ჩუქურთმას(არ დაგიმალავთ, ეს ამბავი დიდადაც მეამაყება). თანაც ამ ქუჩებიდან ზოგი იაშვილია, ზოგი ლეონიძე, ზოგი გალაკტიონი და ა.შ. ალბათ, ასეთი ადგილები მათთვის განზრახ ამოირჩიეს – პოეტებს პოეტური ქუჩები შეეფერებათ.

თუმცა, პოსტმოდერნისტული არქიტექტურა, ან  უბრალოდ შუშის გროვები, აქეთკენაც ცდილობენ ინტერვენციის მოწყობას: ლერმონტოვის ქუჩაზე ერთი დიდი ძველი შენობაა, გრძელი, მართკუთხა, სვეტებიანი აივნებით. ეს აივნები როგორც კი დავინახე, მაშინვე წარმოვიდგინე, როგორ გამოვდივარ მათგან რომელიმეზე დილით და ქუჩას გადავხედავ. ამის გაფიქრებაზე მექანიკურად თავი იმ მხარეს მივატრიალე, საითაც აივანზე გამოსულს უნდა გამეხედა და რაღაც დაყირავებული სამკუთხედებისგან აგებული შენობა შემრჩა. ეს სურათი ამ ანტიკური სტილის აივნის მიერ შექმნილ ჰარმონიას იმდენად არღვევდა, რომ განრისხებული პირდაპირ ამ პითაგორას ფანების შენობაში შევიჭერი და მოვთხოვე ფასი დაესახელებინათ. მე მისი შესყიდვა და დემონსტრაციულად დანგრევა მინდოდა(თვალი ამ სეირისთვის, რაღა თქმა უნდა, ჩემი ახალი აივნიდან უნდა მედევნებინა), მაგრამ შენობა მსხვილი კომპანიის ოფისი აღმოჩნდა და იქიდან თავხედური უარით გამისტუმრეს(არც მე ვიყავი ზრდილობის განსახიერება). თუმცა, ის აივნებიანი შენობა მაინც ვიყიდე. რა იცი, რა ხდება, იქნებ ესენი ერთხელაც გაკოტრდნენ და მეც ჩემი არქუტექტურული ტერორისტული აქტისთვის ხელ-ფეხი გამეხსნება.

თბილისი ისეთივე პატარა ქალაქია, როგორი ვიწრო ქუჩებიც აქვს და ამბებიც ადვილად ვრცელდება. ჩემი ჰობის შესახებ ჭორების გაჩენას კი, სულ სამი შენობის ყიდვა დასჭირდა. ჭორები კი ათასგვარი მსმენია: ზოგი ამბობს, ხმაური არ უყვარს და ცენტრალურ ქუჩებს ამიტომ ერიდებაო(ხმაური განა ვის უყვარს); ზოგი ამბობს, ძველი შპალერების სუნი უყვარსო(ეს ჭეშმარიტება კია); ზოგი იმასაც ამბობს, კომუნისტების მიერ პაპამისისთვის წართმეულ ქონებას იბრუნებსო(ეს სისულელეა. პაპაჩემი ერთი თუში მეცხვარე იყო), ზოგი კი, უბრალოდ იდიოტს მიწოდებს. მე ერთი კი ვიცი, ბეგლარ ახოსპირელს ყოველწლიურად გადაღებილი, შუშაბანდებში ჩასმული მოციმციმე შენობები არ უყვარს და ძველი, წვიმისგანჩამორეცხილი სახლები ურჩევნია.

პ.ს. გავიგე. ვიღაცებს გუდიაშვილის მოედნის ზემოთ მდებარე ქუჩისთვის ჩემი სახელი დაურქმევიათ.

This slideshow requires JavaScript.


4 thoughts on “ბეგლარ ახოსპირელის თბილისი

    • ბეგლარ ახოსპირელის ქუჩაზე ვცხოვრობ.. ძალიან მაინტერესებს სად შეიძლება დავეკონტაქტო თუ მართლა არსებობს?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s