093284098

ჩაბნელებულ ქუჩაში გზისპირს ვიღაც ბარბაცით მიუყვება. წონასწორობის შენარჩუნებას დიდ ძალისხმევას ანდომებს. მარცხენა ხელი აქვს გაშვერილი, იქნევს და თან დედას იგინება. ზურგიდან ტაქსისტრაფარეტიანი ძველი “ომეგა” უახლოვდება და უჩერებს. მთვრალი კაცი გაჭირვებით, მაგრამ მაინც ჯდება მანქანაში, “წავედით” ძლივსძლივობით ამოიბურტყუნებს. “სად მივდივართ უფროსო?” ეკითხება ტაქსისტი და თავის რახრახა მანქანას ძრავს. “ელიაზე, ელიაზე ამიყვანე კორპუსებში.” – კაცი ცდილობს როგორმე ღვედი გადაიჭიროს, მაგრამ არაფერი გამოსდის და თავს ანებებს(რამე რომ მოხდეს, მაინც ბედისანაბარა ყოფნა ურჩევნია ღვედისანაბარა ყოფნას).

ამ დროს კი ძველი “ომეგა” ცარიელ ქუჩებში მირახრახებს და ქვეყნიერებას ძილის საშუალებას არ აძლევს. “რა გქვია ძია კაცო?” – ეკითხება მგზავრი ტაქსისტს, როდესაც რამდენიმე წუთის შემდეგ აზრზე მოდის და სიმთვრალისგან ლამის მთლიანად დაკარგულ გონებას იკრებს. “არმენა, შვილო.”ვაა, ინჩეს ლავემ? ამ უთენიას რა გამუშავებს შე კაი კაცო? ” “აბა გენაცვალე, ღამე რო არ ვათენო, ორ პატარა შვილიშვილს პურს ვინ აჭმევს? თან იმდენი რამე უნდათ, იქ სკოლისთვის წიგნ….” “ჰო კაი, კაი არ დაიწყო ეხლა წუწუნი თუ ძმა ხარ. ისედაც თავი მისკდება რა, არმენჯან შენი ჭირიმე.” – აწყვეტინებს მგაზვრი.

ტაქსი მთელი თავისი ძალით ცდილობს დიდი აღმართის მონელებას. ცოტა ხანში მაინც ახერხებს, დანიშნულების ადგილამდე აღწევს და ჩერდება(ადამიანი რომ იყოს, ალბათ ხმამაღლა ამოიხვნეშდა). “აჰა ეს ორი ლარი გამომართვი და არ დამიწყო ეხლა თუ კაცი ხარ.” – მგზავრი ტაქსისტს ორ რკინის ლარიანს აწვდის. – “დღეს ხელფასი ავიღე და რესტორანში დავტოვე რა. მეტი ნაღდად აღარ მაქვს.” “კაი გენაცვალე, არაა პრობლემა. ღმერთმა ბევრი მოგცეს.” “აბა, მიდი ეხლა, დააგორე შენი ლურჯა.” ეუბნება მგზავრი და მანქანიდან ბობღვით გადადის.

ტაქსისტი მანქანას ატრიალებს და დაღმართზე უშვებს. თან რადიოს რთავს და ახალ ამბებს უსმენს. თენდება. უკვე დროა სახლში დაბრუნდეს.

4 thoughts on “093284098

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.