ვალიკო ძია

ჩვენს ეზოში ერთი ნაომარი კაცი ცხოვრობდა. ვალიკო ერქვა. ბავშვები ყოველთვის ვალიკო ძიას ვეძახდით და მალე ისე მიეჩვია, უფროსებსაც სთხოვდა, ვალიკო ძია დამიძახეთო. ცალი ფეხი არ ჰქონდა და ყოველთვის ძველი ხის ყავარჯნებით დადიოდა. ფეხი აფხაზეთის ომში დაკარგა. ნაღმზე ამიფეთქდაო, ამბობდა.

ეზოში ერთი გრძელი ხის სკამი იდგა. ვალიკო ძია სულ იქ იჯდა. ხშირად დაგვიძახებდა ბავშვებს, გვერდზე მოგვისვამდა და ათას ამბავს გვიყვებოდა. გვიამბობდა, როგორ მოკლა სამი რუსი ჯარისკაცი და გალში მთვრალმა როგორ შეუგდო სახლში ხელყუმბარა აფხაზურ ოჯახს. ხშირად უთქვამს, მოსაპარი თუ იქნება, მოიპარეთ ბიჭებო, მოსაკლავი მოკალით და (მესამეს თქვენ თვითონ მიხვდებით). მხოლოდ ასე გახდებით ვაჟკაცებიო. თავის დროზე თავნის გულისთვის იმდენი ხალხი მყავს დაყაჩაღებული, ამისთვის მედალს რომ იძლეოდენ, პირველს მე შემხვდებოდაო.

ვალიკო ძია უფროსებს არ უყვარდათ. ლოთს და ახვარს ეძახდნენ. ყველა მაღაზიაში და ყველა მეზობელთან ვალი ჰქონდა და არავის უბრუნებდა. მამაჩემსაც ეჯავრებოდა და ყოველთვის მეუბნებოდა, მაგ მკვლელს და ყაჩაღს ახლოს არ გაეკაროო. მაგრამ  ვალიკოს ბავშვებისთვის  ყოველდღე ახალ-ახალი “საგმირო” ისტორიები ჰქონდა და მეც მიძნელდებოდა მამაჩემის გაფრთხილების შესრულება. რა თქმა უნდა, ახლაღა ვხვდები, რომ უმეტესობას იგონებდა.

მას შემდეგ ათი წელი გავიდა. ვალიკო ძია თითქმის ყოველდღე ისევ იმ ხის სკამზე ზის. მე და ჩემი მეგობრები გავიზარდეთ და ეზოში ვალიკო ძიას გვერდზე აღარ ვსხდებით ხოლმე, მაგრამ სულაც არ დაუკარგავს მსმენელი. ბავშვები ხშირად მიუსკუპდებიან და უსმენენ. სწორედ ისე, როგორც ჩვენ ადრე.

თუმცა მათ ახლა ვალიკო სულ სხვა ისტორიებს უყვება ხოლმე. უამბობს, როგორ გადაარჩინა სამი რუსი ტყვე ნაღმზე აფეთქებას თავისი მარცხენა ფეხის ფასად. იმასაც უამბობს, გალელებს როგორ გადააფიქრებინა ერთ-ერთი აფხაზური ოჯახის ამოწყვეტა. ბავშვებს ეუბნება, რომ ყოველდღიურად უნდა ილოცონ და შაბათ-კვირას ეკლესიაში იარონ, რათა ნამდვილი ვაჟკაცები გამოვიდნენ. რამდენიმე დღის წინ, იმასაც მოვკარი ყური, როგორ ლოცავდა სუფრაზე მამაჩემი ვეტერანებს ვალიკო ძიას თამადობით. წმინდა კაციო, ასეც კი მოიხსენია სადღეგრძელოს დროს. მეზობლებსაც აღარ ეჯავრებათ. გულთბილად ესალმებიან ხოლმე.

წმინდა კაცია ვალიკო ძია.

7 thoughts on “ვალიკო ძია

  1. ჰმ… რამდენი მასეთი ვალიკოა ჩვენს გვერდით, ჩვენს ზემოთ🙂 სამწუხარო რეალობაა, ძალიან ადვილია მასაზე ზემოქმედება და მისი დაბოლება

    • ეგ სხვა საკითხია. ასეთი თემებით სპეკულირება ყოველთვის ამართლებს ჩვენში.

  2. გამარჯობა,
    პირველად შემოვედი აქ და კიდევ ბევრჯერ შემოვალ❤
    რატომ არ ვიცოდი ეს ბლოგი ნეტავ🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s