თერმომეტრი

თორმეტი საათი იქნებოდა, მანქანის უკანა სავარძელზე მოკალათებულმა ფანჯარას მიკრობილი თავი რომ ავწიე და თვალები გავახილე. ჩახუთული ჰაერი ჩემს ნესტოებს ეუცხოვათ და  გამომაღვიძეს. მაშინვე ვიფიქრე, ჩამოვედი–მეთქი და არც შევმცდარვარ. ბენზინგასამართ სადგურზე თერმომეტრი 36 გრადუსს აჩვენებდა. ესეც შენი солнечная тбилиси, the city that loves you. აგვისტოს შუა რიცხვებში ამ ქალაქზე აუტანელი ადგილი მარტო ვირის ტრაკია. და ამ საჯდომისმაგვარ ცხელ გაურკვევლობაში ათი დღე უნდა დავყო, სანამ მეგობრებთან ერთად მთებს არ მივაშურებ.

ჩემმა კეთილისმსურველებმა ავლაბარში ჩამომსვეს. ბარგში ერთი ზურგჩანთა გადიოდა. სოფელში ორი დღით წავედი, მერე სათვალავი ამერია და უკან ორი კვირის შემდეგ ვბრუნდები: წვერგაუპარსავი, თმაგაბურძგნული, მოკლე, ცისფერ შორტებში და ჯერ კიდევ იქაურ ტალახში გასვრილ “შლოპანცებში”. ფანტანის მიდამოებში ერთი სომეხი ტაქსისტი თავისი კრემისფერი ნოლ შესტით დავიმარტოხელე და დედისერთა ხუთლარიანით სახლში გაყვანაზე დავითანხმე.გვერდზე მივუსკუპდი, “ტყუილი ღვედი” გადავიჭირე, მერე ტაქსისტის ლურჯ ვაისროისაც გავუკიდე და შოფრის პოზაც მივიღე(ფანჯარაზე ჩამოდებული ხელით).

სიცხეებზე, სეტყვებზე და ზავაცკოი მატორებზე ერთი ათი წუთი ვისაუბრეთ. მერე ორივე ჩუმად მივყვებოდით ნოლ შესტის გუგუნის ხმას, რომელიც წინა ცხოვრებაში უეჭველად ლურჯი ცხენი იყო. ცოტა ხანში, “ბარდაჩოკის” დაბლა შესადებში ძველისძველი გაზეთები შევნიშნე. ერთ–ერთს “ბურჯანაძე–დემოკრატების” სიმბოლო, მუხის ხე ეხატა. მახსოვს ეს გერბი, 2003 წლის ამბებია. ” არ შევწყვეტთ ბრძოლას გამარჯვებამდე !!! ” ეწერა. ამდენმა ძახილის ნიშანმა გუნება გამიფუჭა. სუფთა ცოფიანი კომუნისტური ლოზუნგი იყო. გაზეთისთვის ხელი არ მიხლია.

მალე ჩემს კორპუსსაც მივაღწიეთ და ლურჯადანაც ჩამოვსკუპდი. ლიფტში შევედი. მესამეზე რომ გამოვედი, ის შეგრძნება დამეუფლა, ყოველთვის რომ მეუფლება სოფლიდან ან ზღვიდან დაბრუნებული ჩემს სადარბაზოში რომ აღმოვჩნდები ხოლმე. მაშინ სადარბაზოსაც და სახლსაც რაღაც, სხვანაირი სუნი აქვს. ეს სუნი ალბათ ყოველთვისაა, უბრალოდ დიდი ხნის არყოფნის შემდეგ რომ ვბრუნდები, თავიდან შევიგრძნობ და მერე ვეჩვევი. მერე ვეღარც ვამჩნევ.

პირველი, რაც გავაკეთე, ჩანთის ძირს დაგდება და მაისურის გახდა იყო. მერე მოოჯახება, მერე აბაზანა და მერე თბილისში ალაგ–ალაგ შემორჩენილი მეგობრებისათვის ჩამოსვლის ამბის ცნობა. შემდეგ, რომ დავჯექი და დავფიქრდი, გამახსენდა, რომ ზეგ, 17 აგვისტოს დაბადების დღე მაქვს. ჯანდაბას, ამ 19 წელს გადავიტან, მაგრამ ერთ წელში, ორიანების ზონაში რომ შევალ, მერე რაც არ უნდა ვეცადო, ბავშვობა სულ წამერთმევა. ახლა მივხვდი, გულში რეჩხს რა მიყოფდა. არ მინდა გაზრდა, არ მინდა უფროსებისთვის შვებულების თხოვნები, არ მინდა ცოლ–შვილის სადმე გაშვებები, არ მინდა მოუცლელობები. დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი ისევ ის 16–17 წლის უდარდელი ბავშვი, ზაფხულში ღამეებს რომ ათენებდა მეგობრებთან ერთად ან ტყეში ცეცხლის წინ, ან ზღვის ნაპირზე, ათას სისულელეებს რომ ყვებოდა ან ისმენდა და თან რომ ეშინოდა სახლში რომ დაბრუნდებოდა, სიგარეტის სუნი არ ჰქონოდა.
არასდროს არ მიყვარდა ჩემი დაბადების დღე. განა იმიტომ, რომ დავიბადე, არამედ იმიტომ, რომ ვიზრდები.

8 thoughts on “თერმომეტრი

  1. neta ra yria am gazrdashi: uazro problemebi, tavis tkivilebi,bavshvebi sad arian,rato agviandebat bavshvebi araada mev minda shvilebi da ravici 1000 uazroba 16 wlis minda viyo suuullll

  2. miyvars sheni postebis kitxva imitom rom bevr ragacashi getanxmebi,bevr temaze vpiqrob sxva kutxit mati wakitxvis shemdeg:)) es posti gansakutrebit momewona imitom rom mec igive ganwyoba mqonda roca dges dilit gavigvidze da dabadebis dge momiloces:))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s