ეიჯიზმი ჩვენში, ანუ: “ვაი, შენს პატრონს!”

ერთმა ლექტორმა გვითხრა: “თქვენ, ახალგაზრდები სიახლეს ისრუტავთ. თავში მოჩვენებითი ხვრელები გაქვთ, სადაც ყოველწამიერად ახალი ინფორმაცია დიდი რაოდენობით შედის, მაგრამ რაც უფრო გემატებათ ასაკი, ეს ხვრელები თანდათან ცოტავდება და ბოლოს ყველა საცობით დაიხშობაო.”
დღეს, დილით მეტროთი მგზავრობისას, პირველად გავიგე სადგურების ახალი გამომცხადებლის ხმა, რომელიც ორ ენაზე, ქართულსა და ინგლისურზე იუწყებოდა: “Next station, Libery Square.” კარგია, რომ ბოლო-ბოლო ეს მონოტონური და უღიმრამო ხმა, საუკუნეების შემდეგ, მაგრამ მაინც შეცვალეს და თან ინგლისურიც დაუმატეს, თორემ საწყალი უცხოელები სულ დაძაბულები იყვნენ მეტროში, რომ თავიანთი გაჩერება არ გამორჩენოდათ. ყურთასმენას დიდ ძალისხმევას ატანდნენ, რომ ამ გაუგებარ ენაში მათთვის საჭირო სიტყვები, “ვაგზლის მოედანი”, ან “რუსთაველი” ამოეცნოთ.
მეტროზე საუბარი კი ძალიან გამიგრძელდა, მაგრამ ამ პოსტის თავი და თავი სწორედ მეტროდან და მისი სადგურების გახმოვანებიდან მოდის: ვაგონში, რაღა თქმა უნდა, ხანში შესული ადამიანებიც ისხდნენ. მათმა უმრავლესობა, ჩემსავით, პირველად გაიგო ეს ახალი ხმა და მაშინვე მოჰყვნენ ლანძღვას, როგორც კი ინგლისური მოხვდათ ყურს. ჯერ უგულავას ლანძღვა დაიწყეს (აქ, უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის მერის რეიტინგმა ბოლო დღეებში, სავარაუდოდ, საგრძნობლად მოიმატა, რადგანაც ლანძღვაში პირველი ის მოიხსენიეს და არა საქართველოს პრეზიდენტი), შემდეგ სააკაშვილს და ბოლოს, ამერიკასაც გადასწვდნენ. არც ევროპელები დატოვეს ნაწყენები და ჰომოფობიური რეპლიკებიც არ დაიშურეს. მოკლედ, მკლავებზე სვასტიკები ან წითელი სამკლაურები აკლდათ, სხვა დანარჩენი – კლასიკა იყო.
აქ, საცობების თემას უნდა დავუბრუნდეთ. როგორც ჩანს, ამ ადამიანებს ასეთი საცობები მაქსიმალური რაოდენობით აქვთ თავში და ყველაფერ შეცვლილს, განახლებულს თუ უბრალოდ ახალს აგრესიითა და ზიზღით უყურებენ. ამის მაგალითია მამათა და შვილთა სამარადჟამო ბრძოლა: ერთნი ძველ ცხოვრების წესს, წყობასა და იდეებს რომ ემხრობიან და მეორენი – ახალს. მაგრამ, თუ დაპირისპირებას ცივილური სახე აქვს და თავისი შინაარსით ინტელექტუალურია, ეს საზოგადოებისათვის მხოლოდ კარგის მომტანია.

ასაკოვანი ადამიანისთვის ყოველთვის რთულია ახლის მიღება, რადგან მას უკვე აქვს სხვა ღირებულება ან ნორმა გათავისებული და თან ძალიან დიდი ხნის წინ(როდესაც თავად ახალგაზრდა იყო, ნორმა კი – ახალი). ის ამას მიჩვეულია და მისი უარყოფა უჭირს (მითუმეტეს, თუ ახალი ღირებულება ძველთან წინააღმდეგობაში მოდის). მას უკვე აღარ აქვს შესაფერისი ენერგია და ენთუზიაზმი რაღაცის შეცვლისა. მას მშვიდად ცხოვრება უნდა, ხოლო ახალი, მისთვის რისკი და მყუდროების დარღვევაა. რა თქმა უნდა, ეს ასაკოვანი ადამიანის აზროვნების ჩემეული წარმოჩინებაა და იგი არ ეხება ყველას, მაგრამ ეს დახასიათება მაინც ბევრს მოერგება. ამ ახალი წესების უგულებელყოფა წარმოშობს გაუგებრობას მოხუცსა და ახალგაზრდას შორის, რომელიც ჯერ უთანხმოებაში გადადის, შემდეგ დაპირისპირებაში. სწორედ აქ ჩნდება ეიჯიზმი. ეიჯიზმი ასაკობრივი დისკრიმინაციაა, გარკვეულ სტერეოტიპებსა და შეხედულებებზე დაყრდნობით წარმოშობილი. (შეიძლება, თავად ჩემი მოსაზრებაც გარკვეულ სტერეოტიპად ჩაითვალოს.) მას ორი მიმართულება გააჩნია, ერთი ახალგაზრდების დისკრიმინაცია, მეორე ასაკოვანი ხალხის.
ჩვენ სწორედაც, რომ “ეიჯისტურ” საზოგადოებაში ვცხოვრობთ, სადაც ეს დისკრიმინაცია ორმხრივია. ჩვენს საზოგადოებას ეიჯისტურთან ერთად, შეიძლება ვუწოდოთ რასისტულიც, ჰომოფობურიც, სექსისტურიც და ა.შ. ამას, ბევრი ფაქტორი უწყობს ხელს. პირველი, სტერეოტიპული აზროვნებაა.სწორედ იგი ქმნის არასწორ შეხედულებებს, რომლებსაც შემდეგ ყველას განურჩევლად არგებს. თანაც, ჩვენს საზოგადოებაში ხომ თითქმის ყველა აგრესიულია. ამ აგრესიის უმთავრეს მიზეზად შეგვიძლია დავასახელოთ ეკონომიკური მდგომარეობა და მასთან დაკავშირებული სიძნელეები, რომლებიც ადამიანის ტვინს ყველაზე მძლავრად აღიზიანებს. აგრესიას კი განთავისუფლება სჭირდება. ამისათვის საუკეთესო საშუალება ხომ დისედაც დისკრიმინებული ადამიანები არიან.
ახალგაზრდები და მოხუცები საქართველოში ერთმანეთს უპირისპირდებიან ყველაფრის გამო, პოლიტიკიდან დაწყებული ჩაცმულობით დასრულებული. რა თქმა უნდა, მთავარ როლს აქ სტერეოტიპები თამაშობენ. მაგალითად: თუ გოგონას ცხვირზე პირსინგი აქვს, ის აუცილებლად გარყვნილია.
სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ აგრესია ორივე მხრიდან თანაბარად მოიდს, მიუხედავად იმისა, რომ უფრო ხშირად უფროსებისგან ეიჯისტურ დამოკიდებულებაზე ვსაუბრობთ. ამისათვის, ორივე მხრიდან თითო მაგალითი მოვიყვანოთ:
პირველი. ეს არის უფროსების ასაკობრივი დისკრიმინაცია: როდესაც რობერტ სტურუას ახალგაზრდები თავისი რასისტული გამონათქვამის გამო ძალიან უხეშად მოიხსენიებდნენ და მას სწორედ ეიჯიზმის შესაფერისი ეპითეტებით ამკობდნენ. გასაგებია, რომ მან რასისტული განცხადება გააკეთა, მაგრამ მისი განცხადება ასაკიდან არ მომდინარეობს. ეს უბრალო არმენოფობიაა, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში ხუთი წლის ბავშვსაც კი შეიძლება ახასიათებდეს.
მეორე მაგალითს მოგახსენებთ ჩემი მეგობრის პოსტით.
უთანხმოების და ასაკებს შორის გარკვეული კულტურული დაპირისპირების უმთავრესი მიზეზი ის არის, რომ ჩვენს საზოგადოებაში, ასაკოვანი ადამიანების დიდი რაოდენობა მიმდინარე მოვლენებს ჩამორჩება(ეს შეიძლება იყოს კულტურული, პოლიტიკური თუ სოციალური პროცესები). შესაბამისად, ზოგ შემთხვევაში, იგი “თანამედროვეობას ვერ პასუხობს” და ჩვენს მიერვე ხდება იზოლირებული და გარიყული.ასაკოვანი ხალხის დიდი რაოდენობა არ არის საზოგადოებაში ინტეგრირებული და ასევე, ბევრისთვის ელემენტარული ინფორმაციაც კი არაა ხელმისაწვდომი.
ამ პრობლემის საფუძვლები ჩვენ შეიძლება ძალიან დიდ სიღრმეებში, თვით ჯანდაცვის სისტემაშიც კი მოვნახოთ, მაგრამ აქ მთავარი მაინც ჩვენ თვითონ ვართ. საბოლოოდ უნდა შევეშვათ სტერეოტიპულ აზროვნებას. სანამ არ შევიგნებთ, რომ ყველანი ერთი საზოგადოების წევრები, თანაბარი შესაძლებლობის მქონე ადამიანები ვართ; სანამ არ მივხვდებით, რომ ასაკი, სქესი, ეთნოსი თუ კანის ფერი, ადამიანის გამოსარჩევად და დასაჩაგრად კი არა, მრავალფეროვნებისთვისაა, მანამდე დიდხანს მივაძახებთ ერთმანეთს:”ვაი, შენს პატრონს!”

16 thoughts on “ეიჯიზმი ჩვენში, ანუ: “ვაი, შენს პატრონს!”

  1. ბოლოსკენ მიფუჩეჩებული გამოვიდა

    ბოლო ნაწილი გადავაკეთე

  2. ხანში შესვლამდე ბევრი მიკლია, მაგრამ მეტროს სიახლეს “პაკაზუხობად” აღვიქვამ. ასე რომ, ყველაფერს ასაკს ნუ მიაწერთ🙂 უცხოეთში ასე არ ეფოფინებიან ტრანსპორტში ყურადღებადაძაბულ ტურისტებს.
    ერთ დროს რუსულადაც ცხადდებოდა ხოლმე, ცნობისთვის
    და არ სიამოვნებდათ ადამიანებს.

    • დავიწყოთ იქიდან, რომ ადამიანს, რომელიც ქალაქში ჩამოდის, ორიენტაცია უბრალოდ დაკარგული აქვს, რადგან მისთვის გაუგებარ წარწერებს ხვდება. (მე ბევრი შემხვედრია ასეთი.)დღს კიდე, მგონი საკმარისი უცხოელია საქართველოში, იმისათვის რომ ასეთი რამის დანერგვა გახდეს საჭირო.
      მეორეც კიდე, უცხოეთში თუ არ არის, იქ შეუძლიათ გამვლელი გააჩერონ და ჰკითხონ. აქ კიდე ათიდან ერთი თუ უპასუხებს.
      მესამე კიდე, რატომ არის გამაღიზიანებელი, რაში უშლის ხელს? ქართველობას ხომ არ ართმევს? მე ვთვლი, რომ საჭიროა და რახან პაკაზუხა მთავრობაა გვყავს, იმას არ ნიშნავს რომ მის მიერ გაკეთებული ნებისმიერი რამ პაკაზუხობა იქნება. და ყველაფერი რაც კეთდება, მთავრობასთან იდენტობაში არ უნდა მოვიყვანოთ.
      და საერთოდ, ეს გამოცხადება მაგალითად მაქვს უბრალოდ მოყვანილი და მისი ყოფნა–არყოფნა არაფერს ცვლის პოსტში(შემეძლო სულ სხვა შემთხვევით დამეწყო)

      • საფრანგეთში ქუჩაში ინგლისურად რომ ჰკითხო ფრანგს რამის მისწავლება 10-დან ერთმა თუ გიპასუხა, მადლობელი უნდა იყო. და ეს იმ დროს, როცა 90% –მა იცის ინგლისური.
        მთავრობისადმი დამოკიდებულება არაფერ შუაშია.
        საკუთარს პატივი უნდა სცე და ვიღაცას არ უნდა გაეფინო ფეხქვეშ მხოლოდ იმიტომ, რომ ევროპიდან ჩამოვიდა.

  3. საინტერესო პოსტია მაგრამ მეტროში ორ ენაზე გამოცხადებას არ ვემხრობი, არცერთ ქვეყანაში სადაც გაცილებით მეტი ტურისტი ჩადის არ აცხადებენ ინგლისურად, თუ მაინდამაინც ინგლისურად მიაწერონ გაჩერებებს ქართულის ქვეშ.

    პაკაზუხობა რბილად ნათქვამია მე უფრო ტრაკში შეძრომას დავარქმევდი, ჩემთვის ასევე მიუღებელია როცა საააკშვილი საერთაშორისო შეხვედრებზე ინგლისურად ლაპარაკობს, ამას არცერთი ქვეყნის პრეზიდენტი არ აკეთებს. თავის დამცირებააა უბრალოდ

  4. შევეშვათ მეტროს, ეს უბრალოდ პროლოგია და მეტი არაფერი
    პირდაპირ ეიჯიზმის განმარტებით ხომ არ დავიწყებდი?

  5. ე.ი რას ვამბობდი მერტოზე…………

    არც არაფერს არ მაინტერესებს რა ენაზე გამოაცხადებენ შემდეგი სადგურის სახელს…
    რაც შეეხება ეიჯიზმს ეს ყოველთვის არსებობდა და იარსებეს!

  6. keti მაინცდამაინც ინგისელების მოძულე ფრანგების მაგალითი რატომ მოგყავს? ევროპის სხვა რომელ ქვეყანაშია ეგრე?

  7. კარგი, ავიღოთ მადრიდის მეტრო. იქ ინგლისურად არავინ აცხადებს. ტურისტებისთვის არსებობს მეტროპოლიტენის რუკები. ტურიზმის საქმეც კარგად აქვთ აწყობილი, მერწმუნე, არც არავინ იკარგება ქუჩაში : )

    • ტურიზმის საქმე კარგად რომ არ გვაქვს აწყობილი, იმიტომაც არის ორ ენაზე გახმოვანებული.

  8. ამ სიახლის განხილვა დაიწყეთ და ორ სიტყვას მეც ვიტყვი… მადრიდიც და საფრანგეთიც მეტისმეტად განვითარებულები არიან იმისთვის რომ რომელიმე სხვაენა გამოიყენონ ტურისტებთან ურთიერთობისათვის…. აქ კიდევ ეს ნამდვილადაა საჭირო თუმცა ინგლისურად მაინც ჯობდა წარწერები გაეკეთებინათ…. სხვა მხრივ პროდიჯის ვეთანხმები იმაში რომ ინგლისურის უარყოფა ამ შემთხვევაში ეიჯიზმის გამოვლინება უფროა ვიდრე ქართული ენის დაცვა….. ენას სადაც საჭიროა იქ არ ვიცავთ მე თუ მკითხავთ…

  9. მეტროში რომ იგლისურადაც აცხადებდნენ, მე რამდნეიმე დღის წინ შევნიშნე და გამისწორდა❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s