ახალი წელი ჩემი ფანჯრიდან

სადაცაა კარზე მომადგება ახალი წელი. და რა?! რას მოიტანს ახალს?! არც არაფერს. მხოლოდ ამ ახალ წელს გამოცემულ საგნებზე ბოლო ნოლიანი ერთიანით შეიცვლება. სხვა ყველაფერი ძველებურად დარჩება. ჩემთვისაც, იმისთვისაც, იმის იქით იმათთვისაც და ა.შ. ალაგ-ალაგ ვიღაცას თუ გაუმართლებს და ამ გამართლებას ნოლიანის მაგივრად ერთიანი რომ წერია იმას დააბრალებენ. მე კი, მე რა, ისევ ისევ დავაწყობ გეგმებს, ათას რამეს დავგეგმავ, ათასი რამის სწავლას, გაკეთებას, მაგრამ მოვა კიდევ ერთი, უფრო ახალი წელი და მე ამ ჩემს წარმოსახვით გეგმაში თითქმის ყველა პუნქტს წარმოსახვით იქსს დავუსვამ.
სადაცაა უკვე მოვა. გარეთ საახალწლო სურნელი ტრიალებს, სახლში კი, გოზინაყის და საცივის. მე კიდე, მე გული მწყდება. ასე მომდის ხოლმე. უკუღმართად მემართება: ყველას გული სწყდება რაღაც რომ მთავრდება(მაგ. ახალი წლის დღესასწაულები), მე კი, მე რომ იწყება მაშინ მწყდება გული, იმიტომ რომ ყველაფრის დასაწყისს დასასრული აქვს. მეც დასაწყისშივე მწყდება გული, იმიტომ რომ დასაწყისს აღარ ველი, დასასრულს ველოდები. სანამ დასაწყისს ველი მიხარია, რადგან დასასრულს ვერ ვხედავ, დასასრულს დასაწყისი ეფარება. აი დასაწყისი კი რომ მოვა და გვერდით დამიდგება, შემდეგ ჩემს წინ მხოლოდ დასასრული ჩანს.
საერთოდ, ასეთ რაღაცებზე გული ბავშვებს სწყდებათ, მაგრამ ვინ თქვა რომ მე დიდი ვარ? ჩემს თანატოლებს, მეგობრებს ან სულაც სხვებს რომ უთხრათ ბავშვი ხარო, ეწყინება, დაგცინებს, შეიძლება გეჩხუბოს კიდეც ეგ რატომ მაკადრეო. ამიტომაც არიან ბავშვები, ამ ნათქვამზე მკვეთრი რეაქცია რომ აქვთ. ეს სცენა იმას ჰგავს ადამიანი რომ გააშიშვლო. მათაც აშიშვლებ. მათ ხომ ზრდასრული ადამიანის სახე აუფარებიათ და ბავშვურ სიშიშვლეს ფარავენ. შენ კი, ამ სახეს აშორებ და, ისინიც ბრაზდებიან. ამაზე მაშინ აღარ გაბრაზდებიან, ბუნებრივად ზრდასრულები რომ იქნებიან. ამიტომაცაა რომ გავიძახი მე ბავშვი ვარ მეთქი. რა აზრი აქვს დამალვას?! თუმცა რამდენ ჩემს თანატოლს ეცინება ამ სიტყვებზე გულში და ფიქრობს რომ ამით ჩემს უჭკუობას ვამართლებ.
ყოველთვის მგონია ხოლმე, რომ ეს ახალი წელი სხვებზე  უკეთესი იქნება, განუმეორებელი, და მართლაც ასე მეჩვენება ხოლმე, თუმცა რამოდენიმე დღის შემდეგ, როდესაც საახალწლო განწყობა გადამივლის, ვხვდები რომ საოცარი არაფერი მომხდარა და რომ მე ჩვეულებრივ, როგორც ყოველთვის, ავღნიშნე ახალი წელი. ჯერ სახლში დავხვდი, (დავხვდი და არა შევხვდი, ის მოვიდა მე კი სახლში ვიყავი და დავხვდი. შევხვდებოდი ქუჩაში, ჩემთან სახლში მომავალს.) შემდეგ მეგობრები, ნათესავები მოვიარე, ვსვი, ვჭამე, უფრო მეტი ვსვი, ვიცეკვე, ალაგ-ალაგ ჩემი ყრუ სმენით, ღვინით გათიშულმა შეიძლება წავიმღერე კიდეც ისეთი სიმღერა, სულ რომ არ ეცადო სწავლას, თავისით რომ დაგამახსოვრდება იმდენჯერ მოისმენ სხვადასხვა ადგილას, იქნებ ერთი-ორ გოგოს წავემეტიჩრე, და ამ ქეიფებს, ღრეობებს და ნათესაობა-მეგობრებს, შორის სიცარიელე თავის ტკივილებით და ნაბეღლავის ბოთლებით ამოვავსე.
თუმცა, ერთი ახალი წელი მაინც დასამახსოვრებელი იყო, კარგით ნაკლებად. 2009 წლის ახალი წელი. 6 იანვარს ჩემი ზუსტად ერთთვიანი სიყვარული დასრულდა. ამ ერთი თვის მანძილზე ყველაზე ბედნიერიც ვყოფილვარ და ყველაზე უბედურიც, მაგრამ მთავარია, რომ ნამდვილად მიყვარდა. სხვა ყველაფერი კი ძველებურად: მეგობრები, ნათესავები, ნაბეღლავის ბოთლები…
ასეთია ჩემი ახალი წლები, განსაკუთრებულად ჩვეულებრივი და ჩვეულებრივად განსაკუთრებული. ვიცი ბევრი მომივიდა წერა, და დარწმუნებული ვარ მაქსიმუმ ორმა კაცმა წაიკითხოს(იქიდან ერთი ჩემი ძმა იქნება), მაგრამ მე უფრო ჩემთვის ვწერ ვიდრე სხვისთვის, გაცვეთილი ფრაზა რომ ვიხმაროთ, ჩემ ჭიას ვახარებ. ხოდა ახლა ძალიანაც რომ გახარებულია ჩემი ჭია, და გამძღარიც ამხელა პოსტისგან. შენ კი, ვიღაც უცნობო, აქ გაუგებრობით მოხვედრილო და ცნობისმოყვარე ადამიანო, გილოცავ ახალ წელს. იქნება შენც იმ ალაგ-ალაგ ხალხში აღმოჩნდე, ვისაც ამ წელს მაინც გაუმართლებს. ღმერთმა ქნას. ჩემ ძმას კიდევ აქედან რომ არ მივულოცო, სხვანაირადაც მოვახერხებ.

4 thoughts on “ახალი წელი ჩემი ფანჯრიდან

  1. პირველი აბზაცი წავიკითხე და მერე ბოლო
    ბოლო აბზაცის კითხვისას მივიღე მილოცვა ჰოდა მეც გილოცავ ახალ წელს
    და კიდევ ბოლო აბზაცის კითხვისას სინდისმა მიკარნახა ასწიე ზევით და თავიდან ბოლომდე წაიკითხეო (ნუ პირველი და ბოლო აბზაცის გამოკლებით, ეგ ხო უკვე წაიკითხეო), ესე რომ ერთი წუთით………….
    ჰმმ დასასრულის დასაწყისი
    ან იქნებ უბრალოდ 2010 წლის დასრულების სევდაა, იქნებ მას ძალიან შეეჩვი და ამ ახალ, უცხო ახალ 2011 წელს ჯერ რაღაცნაირად უყურებ, უცნობია მაინც და ადვილად ვერ უთამამდები :))
    თუმცა კი კარგად მოგილხენია მასთან ერთად მთელი ღამე
    მოკლედ გილოცავ ახალ წელს
    სიყვარული და ბედნიერება ამ წელს (მოეტანოსო არ ვიტყვი იმიტომ რომ წელი ვერაფერს მოგიტანს, ეს ისე თვაისთავად მოდის უბრალოდ ემთხვევა ამა თუ იმ წელს და მერე ვაბრალებთ ამ წელიწადმა მომიტანაო, რა სისულელა ჩანთით მოქონდა?🙂

    • არა, მე კონკრეტულად ამ ახალ წელზე ან ახალ წელზე კი არ ვთქვი. ყველაფერზე ასეა.
      ბოლოში რაც თქვი პირველ აბზაცში ზუსტად ეგ მიწერია.
      მეც გილოცავ, მრავალს დაესწარი. მადლობა რომ დაიხარჯე და წაიკითხე😀

  2. დასასრული და დასაწყისი მეცნო…. ზუსტად ასე ვფიქრობ ხოლმე მეც…. კიდევ მეც სულ იმას ვამბობ რომ ბავშვი ვარ ისევ…… და მიხარია ვიღაც ესეთი კიდევ რომ აღმოვაჩინე…. და კიდევ შენს პოსტებზე წერა უკვე მერიდება…. სულ ვამბობ აი ამას წავიკითხავ და მორჩა… ვერ ვახერხებ…. ჟურნალისტური სულის ბრალია🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s